პროექტი #1
 

ქვეყანაში უკანონო და არასწორად ორგანიზებული ნაგავსაყრელების არსებობა აბინძურებს არა მხოლოდ ბუნებას, არამედ საფრთხეს უქმნის ყოველ ჩვენთაგანს, რაც თავისთავად უარყოფით ზეგავლენას ახდენს ჩვენი და ჩვენი შვილების კეთილდღეობაზე. საფრთხის მასშტაბურობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე დაუშვებელია ნარჩენების პრობლემის უგულებელყოფა. თითოეული ჩვენგათის ვალია ჩვენი ქვეყნის, მომავალი თაობებისა და საკუთარი თავის წინაშე ნარჩენების პრობლემისადმი სწორი დამოკიდებულების გაღვივება და ქმედითი ღონისძიებების განხორციელება მომავალში შესაძლო ზიანის შესამცირებლად.

ნარჩენების პრობლემის მოსაგვარებლად ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ამ საკითხის ირგვლივ ცოდნის დონის ამაღლება და ინფორმაციის მუდმივი მიწოდება, რათა პრობლემა ჯეროვნად იქნას გათავისებული საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების მიერ.

სწორედ ამ მიზანს ისახავდა კავშირი ”კავკასიის მწვანე სივრცის” მიერ წამოწყებული პროექტი, რომლის ფარგლებშიც ქ. ქობულეთში არსებული უკანონო ნაგავსაყრელების ინვენტარიზაცია დაიგეგმა. იმისათვის რომ ამ საქმიანობას მაქსიმალური ეფექტი ჰქონოდა, აუცილებლად ჩაითვალა პროექტში როგორც მოსახლეობის, ისე ადგილობრივი ადმინისტრაციული სამსახურების მონაწილეობა. პროექტის სულისჩამდგმელებმა გადაწყვიტეს ახალგაზრდული ენთუზიაზმი საქმის საკეთილდღეოდ გამოეყენებინათ და პროექტის ღონისძიებათა უშუალო განმახორციელებლებად ქობულეთის სკოლის მოსწავლეები ჰყოლოდათ.

1. ინვენტარიზაცია:

2010 წლის თებერვალში პროექტის მენეჯერი მაია ოჩიგავა ეწვია ქობულეთის სკოლებს და გააცნო დირექციასა და მასწავლებლებს პროექტის მიზანი და განხორციელების მეთოდები. დამხვდურებმა მოიწონეს იდეა და რამდენიმე საინფორმაციო შეხვედრის შედეგად ერთობლივად შეიმუშავეს მოსწავლეთა ჩართულობის სტრატეგია და განრიგი.

ქობულეთის 6 სკოლაში შეიქმნა მოსწავლეთა ჯგუფები, რომელთაც თითო მასწავლებლის უშუალო ზედამხედველობითა და ხელმძღვანელობით უნდა აღმოეჩინათ და აღერიცხათ ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიები, რასაც დამატებით მოჰყვებოდა დაბინძურების დონის და ნარჩენების ტიპის განსაზღვრა და დაბინძურების კერების ზუსტი ადგილმდებარეობის დადგენა.

ამ საქმიანობის სწორად წარმართვის უზრუნველსაყოფად, შერჩეულ მოსწავლეებს ჩაუტარდათ სპეციალური საწვრთნელი სესიები, რომელთა პროცესშიც მათ მიიღეს აუცილებელი ინფორმაცია არსებული პრობლემის არსის, დასახული მიზნებისა და განხორციელების მეთოდების შესახებ.

შემუშავდა ინვენტარიზაციისა და გამოკითხვის სპეციალური ფორმა. სამიზნე ტერიტორია დაიყო სექტორებად და გადანაწილდა სკოლებს შორის. საწვრთელ სესიებს დაესწრო და გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო 4 სკოლის 45 მოწაფემ. მიღებული ინფორმაციის უკეთ ასათვისებლად მოსწავლეებმა მიიღეს საშინაო დავალება, რომელიც გულისხმობდა ნარჩენების მართვის შესახებ15-კითხვიანი ფორმის წერილობით შევსებას.

მიუხედავად იმისა რომ ქვეყანაში შექმნილმა პოლიტიკურმა ვითარებამ გარკვეულწილად შეაფერხა წამოწყებული საქმე, მოსწავლეთა მონდომება და ინტერესი არ განელებულა. ტექნიკური საკითხების გარდა, მონაწილე ახალგაზრდებმა მიიღეს ინფორმაცია ნარჩენების საკითხზე მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლების საპროექტო კომპონენტის შესახებ. ეს კომპონენტი შეხვედრებისა და დისკუსიების გარდა ითვალისწინებდა საზოგადოებრივი აქციების მოწყობას, გამოფენა-კონკურსების ორგანიზებასა და სხვა საინფორმაციო ღონისძიებების ჩტარებას.

პროექტით ჩატარებული სწავლების დასრულების შემდეგ მოსწავლეები შეუდგნენ ნარჩენების კერების უშუალო ინვენტარიზაციას. 2 თვეში ახალგაზრდებმა გამოავლინეს და აღრიცხეს 30-მდე დაბინძურებული ადგილი. განსაზღვრეს დაბინძურების მასშტაბი და ნარჩნენების ტიპი. სპეციალურად შედგენილ ტოპო რუკებზე დაიტანეს გამოვლენილი კერების ადგილმდებარეობა, რასაც თან დაურთეს შესაბამისი ფოტომასალა. აღსანიშნავია გამოვლენილ ნაგავსაყრელთა შორის ათ წელზე მეტი სიძველის კერებიც გამოვლინდა, სადაც არ არის გამორიცხული გრუნტის და გრუნტის წყლების მავნე ნივთიერებებით დაბინძურება. ზემოთქმული კი განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს პრობლემისადმი დროულ და ადეკვატურ რეაგირებას.

სამწუხაროდ მიმდინარე პროექტის ფარგლებში ვერ მოხერხდა მონიშნული ტერიტორიის სრულად მოცვა, რაც ჯეროვნად უნდა იქნას გათვალისწინებული მომავალი მუშაობის დაგეგმვის დროს.


2. ცოდნის დონის ამაღლების კომპონენტი

ნარჩენების თემაზე ორგანიზებული სწავლების გარდა, რომელსაც პროექტში ჩართული სკოლის მოსწავლეები დაესწრნენ, ორგანიზება გაუკეთდა მთელ რიგ შეხვედრებსა და დისკუსიებს მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტაციისა და ადგილობრივი ადმინისტრაციული სამსახურების მონაწილეობით. შეხვედრებს ატარებდა ნარჩენების სპეციალისტი და პროექტის მენეჯერი. “სხვადასხვა ტიპს ნარჩენების მართვის შესახებ” გამართული დისკუსიის შედეგად შემუშავდა რეკომენდაციები სკოლის დონეზე ნარჩენების მართვის გაუმჯობესების გზების გამოსანახად.

სპეციალური კითხვარის გამოყენებით მოსწავლეებმა ჩაატარეს მცირემასშტაბიანი კვლევა სახელწოდებით ”როგორ ვმართოთ და შევამციროთ საკუთარი ნარჩენები”.

ერთ -ერთმა სკოლამ მოაწყო სასკოლო აქცია ”დღე ნარჩენების გარეშე” და დაამზადა სპეციალური სტენდი. წარმატებით შეგულიანებულმა და დაინტერესებულმა მონაწილეებმა გადაწყვიტეს მსგავსი აქცია ტრადიციად ექციათ. ამას გარდა, ბავშვებმა გადაწყვიტეს ახალი სასწავლო წლის დასაწყისში ორგანიზება გაუკეთონ მაკულატურის შეგროვებას - რაშიც სხვა სკოლებიც მიიღებენ მონაწილეობას. შეგროვებული მაკულატურის გადამამუშავებელი ქარხნისას ჩააბარებენ, ხოლო მიწოდებით შემოსული თანხა მოხმარდება სხვა გარემოსდაცვითი ღონისძიებების ჩატარებას.

გაჩნდა იდეა სკოლის ტერიტორიაზე ნარჩენების კომპოსტირების შესახებ, რომლის შედეგად მიღებული ჰუმუსს სკოლა საკუთარ ეზოში ყვავილნარის გასაშენებლად გამოიყენებს.

წამოწყებულ საქმიანობაში მეტი თანატოლების ჩამბის მიზნით მოეწყო გამოფენა-კონკურსები, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი დიზაინით ერთჯერადი ცელოფნის პარკებისგან დამზადებული ხელჩანთები გამოიტანეს.

სპეციალური კომისიამ შეაფასა და დააჯილდოვა გამართულ კონკურსებში გამარჯვებული მონაწილეები.

პროექტის დამაგვირგვინებელი ღონისძიება მიეძღვნა ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების საწინააღმდეგო აქციას, რომლის დროსაც სპეციალურად ამ მიზნით დამზადებულ მაისურებში გამოწყობილი მოსწავლეები სხვადასხვა სავაჭრო პუნქტებში დემონსტრირებას უკეთებდნენ პოლიეთილენის პარკების მუყაოს ჩანთებით ჩანაცვლებას და მოუთხრობდნენ მოსახლეობას ერთჯერადი პოლიეთილენის პარკების მავნე თვისებების შესახებ.

აქციებსა და დაჯილდოვების ცერემონიებს ესწრებოდნენ ადმინისტრაციული სამსახურების წარმომადგენლები. ღონისძიებები გაშუქდა მედიის მიერ.

საერთო ჯამში პროექტმა მოიცვა სკოლის 500-მდე მოსწავლე. ჩატარებული ღონისძიებებით პოპულარიაცია გაუკეთდა პოლიეთილენის პარკების გამოყენებაზე უარის თქმის იდეას. ამ იდეამ კი განვითარება შემდეგ პროექტში ჰპოვა.

დაფინანსებულია ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Matra-ს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალური გარდაქმნების პროგრამის ფარგლები

ვებ უზრუნველყოფა: www.sandroasatiani.com